გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

 

ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის 10(ა) კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: მ. ჯგერენაია; ბიოლოგიის მასწავლებელი: ნ. ზარქუა) ვეწვიეთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, სადაც წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის მდიდარი კოლექცია (3 500-მდე სახეობა). ცალკეული საკოლექციოს ნაკვეთები, საპარკე-რეკრეაციული ზონები, ბუნებრივად გავრცელებული ხე-ბუჩქები გულგრილს არ ტოვებს სტუმრად მისულ ვიზიტორებს. ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს. ბაღი ეწევა საქართველოს იშვიათი და გადაშენებული მცენარეების კონსერვაციას. გააჩნია თესლის ბანკი, რომელიც გლობალური ქსელის წევრია. 2012 წელს, ბოტანიკურ ბაღს მიენიჭა ეროვნული სტატუსი.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს გამორჩეული ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარეები, წიწვოვანთა კოლექცია, ულამაზესი ჩანჩქერი, დუმფარებიანი აუზი, იაპონური ბაღის სივრცე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვიზიტი ბოტანიკულ ბაღში სწორედ იაპონიის სიმბოლოს, სილამაზით გამორჩეულ „საკურას“ ყვავილობის დღეებს დაემთხვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთები, იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.

ლოკალური გარემოს გაცნობამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ვიმედოვნებთ, არაფორმალურ გარემოში ინტენსიური ვიზიტები მოსწავლეებს დაეხმარებათ ცოდნის მიღებასა და გაღრმავებაში, გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.

კიდევ ერთი სასიამოვნო დღე აღიბეჭდა თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში...


















Share:

No comments:

Post a Comment

Powered by Blogger.

არქივი

გამომწერები

სიახლეები

გვერდები